სამართალი
„ნასვამმა პოლიციელმა სისხლიანი ხალხი დაყარა და გაიქცა“ - დაშავებულების ოჯახის წევრი

 

შუახნის კაცი, რომლის ოჯახის ხუთი წევრიც საავადმყოფოში მკურნალობს, პოლიციელს უყურადღებობაში ადანაშაულებს.

 

მამაკაცი ამბობს, რომ შსს-ს თანამშრომელი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილს მართავდა და შემხედრ მანქანას შეეჯახა, ავარიისას დაშვებულების მდგომარეობით არ ინტერესდება.

„ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ ისე გაიქცნენ, რომ არც მიაქციეს დაშავებულებს ყურადღება. საბედნიეროდ უკან ჩვენი სოფლელი მოჰყვებოდა, იმან უშველა ჩემებს, სისხლიანებსა და დაგლლეჯილებს, სასწრაფოსაც იმან გამოუძახა. მძღოლს შევხვდი ახალციხეში, დავილაპარაკე ადამიანურად. ერთი არ უკითხავს როგორ იყვნენ დაზარალებულები. თავის პირით აღიარა, რომ მთვრალი იყო. აღდგომას საფლავზე 5-6 ჭიქას არ დავლევდიო? ერთ-ერთი მგონი ვარხნის დეპუტატია. ველოდები როდის მნახავენ, იქნებ მოიბოდიშონ და დავილაპარაკოთ“, - ამბობს ოჯახის წევრი. მისი თქმით, ხუთივე დაშავებული კლინიკაში რჩება.

„ჩემს მეუღლეს დამტვრეული აქვს მარჯვენა ფეხის ბარძაყი, ბიჭს მარჯვენა ფეხის მუხლის „ჩაშკა“ აქვს დაფშხვნილი. რძალს კბილები აქვს ჩაფშხვნილი, პატარა შვილიშვილს ლოყა ჰქონდა გაგლეჯილი, მეორე შვილიშვილი თბილისში გადაიყვანეს თავში სისხლჩაქცევით. ამჟამად სამი ადამიანი ახალციხეში რჩება, ორი კი თბილისში“, - გვიყვება დაშავებულების ოჯახის წევრი. მათ ინტერესებს ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილი იცავს.

„არც ერთი მხარის ბრალეულობა არ არის დადგენილი. პირველ ეტაპზე რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ საჭესთან იჯდა პოლიციელი არაფხიზელ მდგომარეობაში. ჯერჯერობით დანიშნულია ექსპერტიზები, თუ შევხედავ რომ რაღაცას გვატყუებენ, ალტერნატიულ ექსპერტიზის ჩატარებაზეც თანახმა ვართ“, - ამბობს დაშავებული ოჯახის ადვოკატი.

შსს-ში კითხვაზე - იყო თუ არა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ პოლიციელი და აგრძელებს თუ არ მუშაობას, არ პასუხობენ. უწყებაში ექსპერტიზის პასუხებს ელიან და ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 256-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

"მეცხრე არხი" ცდილობს მანქანის პოლიციელ მძღოლთან დაკავშირებას. 

ავტოავარია ორშბათს , საღამოს საათებში სოფელ ბენარასთან მოხდა. ერთმანეთს „მერსედესისა“ და 07-ის ფირმის ავტომანქანები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად, 07-ში მსხდომი ხუთი დაშვებულიდან ორი მცირეწლოვანია. „მერსედესის“ ფირმის ავტომობილს საპატრულო პილიციის თანამშრომელი მართავდა. თვითმხილველების თქმით, სხეულის დაზიანება მიიღო პოლიციელის ავტომობილში მჯდომმა პირმაც.

 

| Print |
თეგები: ბენარა / ავარია /