სამართალი
არასრულწლოვნის ცემაში ბრალდებულ ბებიას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს
75 წლის ქალს, შვილიშვილებთან ერთი თვით კომუნიკაცია ეკრძალება.

9 წლის ბავშვის მშობლის თქმით, დედამთილმა არასრულწლოვანი შვილიშვილი სცემა და ხელი მოსტეხა. გამომძიებლებმა ბებიას შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
მომხდარს უარყოფს 75 წლის ქალი.

„ბავშვები თვითონ ჩამოდიან და კარებს მიმტვრევენ. სახლი ჯოჯოხეთად მიქციეს. ჩემი რძალი მემუქრება, სანამ არ მოგკლავ სახლიდან არ წავალო“, - ჰყვება ბებია და ამბობს, რომ როდესაც შვილიშვილს ხელი მოსტყდა, სახლში არ იმყოფებოდა.

„მეზობელთან ვიყავი, სახლში რომ დავბრუნდი ვიკითხე სად არიან მეთქი და მითხრეს დიდმა ბიჭმა ხელი მოიტეხა, დედამისმა საავადმყოფოში წაიყვანაო. პოლიციასაც ვუთხარი ეს“.

ბებიის თქმით, ბავშვები ცუდად აღზრდილები არიან და ხშირად უხამსი სიტყვებით მეზობლებსაც მიმართავენ.

„ყველას დედას აგინებენ. ბინძურები და მოუვლელები დადიან. მეზობლებსაც ქვებს ესვრიან“, - ჰყვება ბებია.

მცირეწლოვანი ბავშვის დედა ამბობს, რომ სამართალდამცავების მიერ გამოწერილი შემაკავებელი ორდერის მიუხედავად, ბებია შვილიშვილებს მაინც ელაპარაკება. ,,აივანზე ამოვიდა და ფანჯრიდან გველაპარაკებოდა“ .

საქმეს შსს-ს ადიგენის რაიონული სამმართველო ძალადობის მუხლით იძიებს. საქმეში სოციალური მომსახურების სააგენტო არასრულწლოვნის გამოკითხვისას ჩაერთო.

| Print |