სამართალი
მეეზოვემ შპს“კეთილმოწყობას“ სასამართლო მოუგო
დავით ლომიძის სასარჩელო მოთხოვნა, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა. მოსამართლე ნათია მერაბიშვილის 17 მაისის გადაწყვეტილებით, შპს“კეთილმოწყობას“ გათავისუფლებული მეეზოვის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა. 

„შპს „კეთილმოწყობას“ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ხელზე ასაღები 540 ლარის ოდენობით გათავისუფლების მომენტიდან - 2019 წლის პირველი იანვრიდან, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე“, - განაცხადა სარეზოლუციო ნაწილის წაკითხვისას მოსამართლემ.

ნათია მერაბიშვილმა განმარტა, რომ რადგან დავით ლომიძე მეეზოვედ 2009 წლიდან მუშაობს, მისი ხელშეკრულება უვადოდ ითვლება. ამიტომ ხელშეკრულების ვადის გასვლა, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არ უნდა გამხდარიყო.

სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა ერთი თვის ვადაში უნდა ჩაიბარონ. ამის შემდეგ კი მხარეებს 15 დღე აქვთ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმართონ და გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. შპს „კეთილმოწყობის“ ადვოკატმა ნინო დემეტრაძემ ჯერ არ იცის, გაასაჩივრებს თუ არა გადაწყვეტილებას მოპასუხე მხარე.

დავით ლომიძე ხუთ მეეზოვესთან ერთად 31 დეკემბერს გაათავისუფლეს. ყოფილი თანამშრომლების თქმით, ხელმძღვანელები მოკლე განმარტებით შემოიფარგლნენ და უთხრეს, რომ 2019 წლიდან ხელშეკრულებას აღარ გაუგრძელებდნენ.

სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით, დავით ლომიძის გარდა სასამართლოს კიდევ ორმა ელექტრიკოსმა მიმართა. მათი ადვოკატიც ეკა აბაშიძეა. საქმე დასკვნით ეტაპზეა.

| Print |