სამართალი
შპს“კეთილმოწყობიდან“ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა სასამართლო მოიგეს

 

პავლე ათუნაშვილისა და ივანე დავიდოვის სასარჩელო მოთხოვნა, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით შპს“კეთილმოწყობას“ გათავისუფლებული ელექტრიკოსების სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

მოსამართლემ განმარტა, რომ რადგან ორივე თანამშრომელი შპს“კეთილმოწყობაში“ 2009 წლიდან მუშაობდნენ, მათი ხელშეკრულება უვადოდ ითვლებოდა. ამიტომ ხელშეკრულების ვადის გასვლა, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი არ უნდა გამხდარიყო.

სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა ერთი თვის ვადაში უნდა ჩაიბარონ. ამის შემდეგ კი 15 დღე აქვთ, რომ სააპელაციო სასამართლოს მიმართონ და გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

შპს „კეთილმოწყობის“ დირექტორმა გვითხრა, რომ ჯერ არ იცის, გაასაჩივრებს თუ არა ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

“ჯერ არ ჩამბარებია გადაწყვეტილება. წერილობით მივიღებ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგ მოვიფიქრებთ რას ვიზამთ“, - ამბობს კობა კურტანიძე. 

შპს „კეთილმოწყობას“ სასამართლო დავა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო. კომპანიას მეეზოვე დავით ლომიძის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაევალა.

შპს "კეთილმოწყობის" ექვსი თანამშრომელი სამსახურიდან 2018 წლის 31 დეკემბერს გაათავისუფლეს. მიზეზად ხელშეკრულების ვადის ამოწურვა დასახელდა.


| Print |