სამართალი
ახალქალაქში პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ინცინდენტი მოხდა, თვითმხილველები ვიდეომასალას ავრცელებენ
დღეს, 6 ივნისს, დაახლოებით 17 საათზე ახალქალაქში პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის ინცინდენტი მოხდა. თვითმხილველების მტკიცებით, პოლიციელებმა მოქალაქეები სცემეს.

ვრცელდება ინცინდენტის ამსახველი ვიდეომასალა , სადაც ჩანს, რომ პოლიციელებს „მერსედესის“ ტიპის ავტომობილის მძღოლი ძალით გადმოჰყავთ, რა დროსაც მას საპატრულო პოლიციის ერთი თანამშრომელი თავში არტყამს.

Jnews-ის ინფორმაციით, ყველაფერი იმით დაიწყო, რომ საპატრულო პოლიციამ მოტოციკლეტისტი გააჩერა.

„მერსედესის“ მარკის ავტომობილის მძღოლმა მანქანა გააჩერა და იკითხა, რა ხდებოდა.

„პატრულმა უპასუხა, გზა გააგრძელეო, ის არ დაემორჩილა, ბიძამისი იქვე ცხოვრობს და კიდევ რაღაც იკითხა. ამის შემდეგ ის უკვე ძალით გამოიყვანეს მანქანიდან და ცემა დაუწყეს“, - ყვება ერთ-ერთი თვითმხილველი. 

ამის შემდეგ ბიჭის ბიძა, რომელიც იქვე ცხოვრობს, მას გამოესარჩლა, რისთვისაც პოლიციამ მისი დაკავება სცადა.

„ჩემს შვილიშვილს ჩემ თვალწინ სცემეს, შემდეგ შუბლზე იარაღი მიადეს“, - ყვება ნაცემი ბიჭის ბებია.

ინცინდენტის მონაწილე „მერსედესის“ ტიპის ავტომობილის მძღოლის ბიძა საავადმყოფოშია გადაყვანილი.




| Print |