სამართალი
ახალციხის ცენტრალურ ქუჩაზე იარაღიდან გაისროლეს

 

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე იარაღიდან გაისროლეს.

 

სროლის ხმა მოსახლეობამ 7 ივნისს, გამთენიისას გაიგო.

"დაახლოებით, ღამის სამი საათი იქნებოდა. ჯერ სროლის ხმა გავიგე, ფანჯრიდან რომ გავიხედე დავინახე, რომ საპატრულო ეკიპაჟი იდგა. პოლიციელებს კი მანქანიდან ბიჭი გადმოჰყავდათ“, - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

"აქვე ვცხოვრობ, მე არაფერი გამიგია, მაგრამ მეზობლებმა მითხრეს, რომ მსხვრევის ხმა გაიგეს. მანქანის მინა ჩაიმსხვრაო. დილით რომ გამოვედი, ნაგვის ურნაში პოლიციის ლენტები დავინახე", - ამბობს თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებელი.

შსს-ში ამბობენ, რომ მამაკაცს მისივე კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი გაუვარდა. მოქალაქეს პოლიციამ ოქმი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 167 მუხლით შეუდგინა, რაც დასახლებულ პუნქტებში ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას გულისხმობს.

„გაჩერებულ ავტომანქანაში მოქალაქეს თავისი კუთვნილი სანადირო თოფი გაუვარდა, რის შედეგადაც დაზიანდა მისი მანქანის მინა. ადგილზე გამოცხადდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ადგილზე გამოიკითხა მოქალაქე, რომელმაც წარმოადგინა საბუთები, რომ იარაღი მას ეკუთვნოდა“, - გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.

ადმინისტრაციულ დარღვევასა და ჯარიმის ოდენობაზე სასამართლო იმსჯელებს.

 

| Print |