სამართალი
ნარინე გინოსიანი მესამე სექტორს მხარდაჭერას თხოვს
,,ვინაიდან ჩემს წინააღმდეგ, ყოველდღიურად ძლიერდება ზეწოლა სახელისუფლებო სტრუქტურებიდან, ხოლო ჩემს მიერ დაყენებული ყველა საკითხი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან რჩება რეაგირების გარეშე, იძულებული ვარ დახმარების თხოვნით მოგმაროთ, რათა თავი დავიცვა დევნისა და შევიწროვებისგან“ - ამ განცხადებით მიმართა ნარინე გინოსიანმა სამცხე-ჯავახეთის მესამე სექტორს. ნინოწმინდის საბავშვო ბაღის ,,წიწერნაკის“ დირექტორი ამბობს, რომ პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი წლების განმავლობაში ცდილობდა თავისი სამსახურებრივი და სოციალური სტატუსის და ზეგავლენის გამოყენებით ნარინე გინოსიანი პირად ინტიმურ ურთიერთობაზე დაეყოლიებინა. ნარინე ამბობს, რომ არაერთგზის უარყოფის შემდეგ პარლამენტის წევრი დაემუქრა, რომ მუდმივი პრობლემებს შეუქმნიდა და მშვიდი ცხოვრების საშუალებას არ მისცემდა.

,,მთელი სახელმწიფო სტრუქტურა მუშაობს ჩემს წინააღმდეგ, ზეწოლა მიდის ბევრი მიმართულებით. საჯარო მოხელეებიც კი, ვინც საკრებულოსა და მერიაში მუშაობს, მწერენ და მეკითხებიან, რა ხდება, რა გააკეთე ასეთი, რომ ზეწოლაა ჩვენზეო" - ამბობს ნარინე.

როგორც გინოსიანი ამბობს, მუქარის შემდეგ მისი დევნა-შევიწროვება სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევით, სამართალდამცავი ორგანოების დაინტერესებით და სისხლის სამართლებრივი პრობლემების ხელოვნური შექმნით დაიწყო. გინოსიანის ადვოკატი საქმის აბსურდულობაზე ამახვილებს ყურადღებას. მირიან ნიკოლაძის განმარტებით, გამოძიება საქმეს ხელოვნურად ამძიმებს. საქმის ძიებიდან გაირკვა, რომ ნარინე გინოსიანი მხოლოდ ნინოწმინდის ერთი ბაღის ხელმძღვანელი იყო, თუმცა წლების განმავლობაში ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის საქმეს ითავსებდა. მირიან ნიკოლაძე მესამე სექტორს ნარინე გინოსიანის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

,,ენზელ მკოიანზე უარი გვითხრეს, მის ქმედებაში სისხლის სამართლებრივი დევნის ნიშნები არ არისო. საკრებულოსა და მერიის ქმედებაში არ არის ნიშნებიო. პირდაპირ გეუბნებით, საკრებულოს თავმჯდომარემ და მერმა თავისი ხელმოწერით მომწერა, რომ არანაირი ბაღების გაერთიანება ნინოწმინდაში არ არსებობს, არის ერთადერთი ბაღი ნინოწმინდაში ,,წიწერნაკი" რომლის დირექტორია გინოსიანი, დანარჩენი 10 ბაღი ფილიალადაც კი არ არის რეგისტრირებული ამათ, არანაირი იურიდიული კავშირი ერთმანეთთან არ აქვთ. წარმოიდგინეთ ახლა, რომ თბილისის რომელიმე ბაღის დირექტორმა ლაგოდეხის ბაგა-ბაღებში რომ არეგულიროს ურთიერთობები. ზუსტად იგივეა! ამას აკეთებინებდნენ 10 წელი. მიდიოდა ნარინე და ეხვეწებოდა საკრებულოსა და მერია, რომ შექმენით გაერთიანება, დანიშნეთ მენეჯერები და უპატრონეთ ადგილზეო. პასუხად კი იღებდა, რომ ნინოწმინდა ღარიბი მუნიციპალიტეტი იყო. ეს ყველაფერი კი ერთი ხელფასის სანაცვლოდ ხდებოდა" - აცხადებს ადვოკატი მირიან ნიკოლაძე.

ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას 15-მდე ადამიანი ესწრებოდა. ბაღის მეთოდისტი თაქუი ვართანიანი ფიქრობს, რომ ჯავახეთის საზოგადოებაზე ენზელ მკოიანის დავალებით ზეწოლა მიმდინარეობს, რისი შედეგიც დღევანდელ შეხვედრაზეც აისახა. თაქუი ფიქრობს, რომ ახალქალაქისა და ნინოწმინდის ორგანიზაციების ნაწილი შეხვედრას ზეწოლის გამო ვერ დაესწრო.

,,ზეწოლა ისევ გრძელდება. უფრო მეტიც შემიძლია გითხრათ, ძალიან ბევრი ორგანიზაცია მოვიწვიეთ ნინოწმინდიდან და ახალქალაქიდან, მაგრამ ეს ორგანიზაციები არ მოვიდნენ, რაც ცხადჰყოფს, რომ მათზე განხორციელდა ზეწოლა, რადგან მათ წერილზეც კი არ გვიპასუხეს" - ამბობს თაქუი.

ნარინე გინოსიანის საქმეს ორგანიზაცია საფარიც სწავლობს. საფარის იურისტმა დღევანდელ შეხვედრაზე განმარტა, რომ ნარინე გინოსიანის საქმის შესწავლა ომბუდსმენმა თითქმის დაასრულა. თეა თადეიშვილი იმედოვნებს, რომ საქმე საბოლოოდ ნარინეს სასარგებლოდ დასრულდება.

,,უმეტეს შემთხვევაშიც ასე ხდება, რომ ასეთი ქმედებები დახურულ კარს მიღმა ხდება, მას არ ჰყავს მოწმეები, მაგრამ ნარინეს შემთხვევაში გვაქვს შესაძლებლობა, რომ მოწმეთა ჩვენებები გამოვიყენოთ, რადგან ეს ამბავი გახმაურდა თავის დროზე. ამის შესახებ იცის თითოეულმა ადამიანმა, მატი მოწმის სახით დაკითხვაა შესაძლებელი. ამ ადამიანებისგან ჩვენ ახსნა-განმარტებები მივიღეთ, ამის გაკეთება შევძელით, ძირიტადი ტვირთი ამ საქმეში ალბათ მოდის მოწმეთა ჩვენებებზე, როგორც მტკიცებულებებზე" - მიაჩნია თეა თადეიშვილს.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ნარინე გინოსიანის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს და ამბობს რომ ეს მის წინააღმდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი ბინძური კამპანიაა. 21 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში მკოიანი წერდა:

„გინოსიანის მიერ საბავშვო ბაღების კუთვნილი თანხების ფლანგვასთან დაკავშირებით, კითხვები ჯერ კიდევ 2016 წელს გაჩნდა. მისი საქმიანობა აუდიტის სამსახურმა შეისწავლა და გინოსიანს არაერთი დარღვევა აღმოუჩინა. კერძოდ: საკანცელარიო ნივთების იმაზე ძვირად შესყიდვა, ვიდრე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ჰქონდა გაფორმებული. ასევე, საკვები პროდუქტების, მათ შორის პურის შეძენა ზედმეტ თანხად, ხოლო ბავშვების რაციონისთვის ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტის სრულად მოპარვა, როგორიცაა თევზი. როგორც მშობლები და მზარეულები ირწმუნებიან, ბაღის აღსაზრდელები მუდმივად ერთი სახის საკვებს მიირთმევდნენ და მათ რაციონში თევზი, რომელსაც დოკუმენტაციის მიხედვით, გინოსიანი დიდი რაოდენობთ ყიდულობდა, საერთოდ არ ყოფილა,“- წერს დეპუტატი ენზელ მკოიანი.

საქმის მასალების მიხედვით, გამოძიება ნარინე გინოსიანსა და ანჟელიკა ფუტულიანს ბრალს, 9 000–მდე ლარის მითვისებასა და გაფლანგვაში სდებს.

ნინოწმინდის საბავშვო ბაღ ,,წიწერნაკის“ დირექტორის თქმით, მასა და ენზელ მკოიანს შორის ვითარება 2018 წლის მარტიდან გამწვავდა, როცა ბაღში ჯერ აუდიტი შევიდა, ხოლო მოგვიანებით მის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყო. გინოსიანისთვის ბოლო წვეთი ბაღის თანამშრომლებზე დაწყებული ზეწოლა აღმოჩნდა, რის გამოც მან სიმართლის თქმა გადაწყვიტა და ფეისბუქის პირად გვერდზე მის წინააღმდეგ დაწყებული დევნაში ენზელ მკოიანი დაადანაშაულა. საბავშვო ბაღის დირექტორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბრალად, თანხების მითვისება-გაფლანგვა ედება. პირველი სასამართლო პროცესი ნარინე გინოსიანის წინაღმდეგ 10 სექტემბერს, ახალციხეში, გაიმართება.



| Print |