სამართალი
"რომელი პედაგოგიც მოწმედ დამიდგება, ყველას გააგდებენ სამსახურიდან" - თემურ ხუციშვილის სასამართლოზე მოწმეები არ გამოცხადდნენ
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლიდან გათავისუფლებული მათემატიკის მასწავლებლის თემურ ხუციშვილის სასამართლო პროცესი დღეს, ორ სექტემბერს, 11:00 საათზე დაიწყო.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა ორივე მხარის შესავალი სიტყვა მოისმინა, მხარეებმა ერთმანეთს კითხვები დაუსვეს. მოსარჩელე თემურ ხუციშვილის მხრიდან წარდგენილი ექვსი მოწმიდან ახალციხის რაიონულ სასამართლოში არც ერთი გამოცხადდა. მისი თქმით, მოწმეები დააშინეს ან/და მოისყიდეს.

,,ერთი თვით ადრე ვაფრთხილებდი ექვსივე მოწმეს, გუშინაც გავაფრთხილე და არ მოვიდნენ. მშობლები დაშინებულები არიან, მასწავლებლებს კი მოწმედ ვერ დაიყენებ. ვინც მოწმედ დამიდგება, ყველას გააგდებენ სამსახურიდან. სკოლის მასწავლებლები მაფრთხილებდნენ, რომ სკოლიდან გამიშვებდნენ და ფრთხილად ვყოფილიყავი“, - გვითხრა მოსარჩელე თემურ ხუციშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

მოსამართლემ 11 მოწმის დაკითხვა 12 სექტემბერს, 11:00 საათზე გადადო. სამსახურიდან მისი გაშვების მთავარ მიზეზად, თემურ ხუციშვილი განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებს.

,,თეთრზე შავს არასოდეს ვიტყოდი. სკოლის დირექტორს გაფიცვა რომ მოვუწყვეთ მთავარი ორგანიზატორი მე ვიყავი. ეს ქალბატონი ერთ-ერთი სოფლის საბავშვო ბაღის აღმზრდელი იყო და პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა“, - ამბობს თემურ ხუციშვილი.

მოპასუხე ინგა ვარდიძის თქმით, ხუციშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება დისციპლინურმა კომიტეტმაც მიიღო და ეს სამართლიანი იყო.

,,ეს ყველაფერი არის შეკერილი და წინასწარ დაგეგმილი“ - ამბობს თემურ ხუციშვილი.



მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტის გამო გათავისუფლებული მათემატიკის პედაგოგი სკოლაში აღდგენასა და განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს. პირველი სასამართლო სხდომა 24 ივნისს გაიმართა. მხარეებმა სასამართლო განხილვებისას დასაკითხი მოწმეების შუამდგომლობა დააყენეს. შეგახსენებთ, რომ თემურ ხუციშვილს სკოლა 28 დეკემბერს დაატოვებინეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 24 იანვარს გამოძიება სსკ–ს 126 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ძალადობას გულისხმობს. თუმცა იმის გამო, რომ საქმე დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, ძიება შეწყდა.
| Print |