სამართალი
მოქალაქე "წყალმომარაგების კომპანიის" წინააღმდეგ - სასამართლოში საქმე შეწყდა
ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელე ოთარ აღოშაშვილის სამოქალაქო საქმის განხილვა შეწყდა. მან საჩივარი უკან გაიხმო. მანამდე კი, მოქალაქემ სასამართლოს სარჩელით მიმართა, სადაც ის შპს "საქართველოს გაერთანებული წყალმომარაგების კომპანიას" მისი მიწის ნაკვეთიდან წყალსადენის ქსელის გადატანას ითხოვდა. დღეს, ექვს სექტემბერს გამართულ სხდომაზე, კომპანიის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა გვანცა ძნელაძემ განაცხადა, რომ წყალსადენი მილების გადატანა იქამდე დაიწყეს, სანამ ოთარ აღოშაშვილი სასამართლოს საჩივრით მიმართავდა.

,, შპს საქართველოს გაერთანებული წყალმომარაგების კომპანიამ აღნიშნული წყალსადენი მილების გადატანის შესახებ საქმის წარმოება აპრილის თვეში დაიწყო. კანონმდებლობის შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების ჩატარებისთვის ნებართვებია საჭირო, რაც მოგეხსენებათ დროშია გაწერილი. პროცედურები გატანასთან დაკავშირებით დასრულებულია“ - ამბობს გვანცა ძნელაძე.

მისივე განცხადებით, მიწის ნაკვეთიდან წყალსადენი მილების გადატანა 2019 წლის ბოლომდე დასრულდება.

,,იმედი გვაქვს, მოპასუხე მხარე თავის პირობას შეასრულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს სარჩელის თავიდან შეტანა“ – განაცხადა მოსარჩელის ადვოკატმა ნუგზარ სამარჯიშვილმა.

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83 პრიმა მუხლის მიხედვით იხელმძღვანელა, რაც გულისხმობს სარჩელის უკან გახმობას ისე, რომ მოსარჩელეს მიეცემა უფლება საჭიროების შემთხვევაში სარჩელი კვლავ შეიტანოს.
| Print |