სამართალი
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება დაიწყო
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის შეწყალებებზე გამოძიება დაიწყო. სპეციალური განცხადება მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. 

„დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, - აცხადებენ პროკურატურაში. 

სალომე ზურაბიშვილის მიერ, მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება, ხმაურიანი აღმოჩნდა. ერთ-ერთი შეწყალებული რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. 

18 სექტემბერს კი იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის შეწყალებული ერთ-ერთ პირს ციხეში არც ერთი დღე გაუტარებია და ის ძებნილია. 

ამის გამო სალომე ზურაბიშვილმა პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.
| Print |