სამართალი
ადიგენში ავარიის შედეგად ხუთი პირი დაშავდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დაბა ადიგენში. ერთამანეთს „ოპელისა“ და „სუბარუს“ მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები ხუთმა მგზავრმა მიიღო, აქედან სამი საშუალო სიმძიმისაა, ორი კი მსუბუქი.

„რეფერალურმა ბრიგადამ სამი პაციენტი თბილისში გადაიყვანა. მათ საშუალო სიმძიმის პოლიტრავმები ჰქონდათ. ორი პირი, რომელიც მსუბუქად იყო დაშავებული, უკვე გაეწერა“, - გვითხრა ადიგენის კლინიკის მენეჯერმა ლალი ბალახაშვილმა.

თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევა დაბის ცენტრში მოხდა.

„გზა მშრალი იყო, „ოპელი“ ცენტრალურ გზაზე მიდიოდა, „სუბარუმ“ მეორეხარისხოვანი გზიდან გადმოუჭრა. რაც დავინახე, ორ კაცს ჰქონდა თავზე დაზიანებები, ქალს ცხვირი ჰქონდა გატეხილი და სავარაუდოდ, ამნეზია დაემართა“.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

საქმეს ადიგენის რაიონული სამმართველო იძიებს.
| Print |