სამართალი
„არასასურველი სტუმრები ხართ“,- რატომ არ შემოუშვეს სომეხი ჟურნალისტები საქართველოში (ექსკლუზივი)
11 ოქტომბერს სომხეთ-საქართველოს საზღვრის ბავრა-ნინოწმინდის გამშვებ პუნქტზე სამი ჟურნალისტი 4 საათზე მეტ ხანს დააყოვნეს, ხოლო შემდეგ მათ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრეს.

ყველაფერი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც სომეხ ჟურნალისტებთან ერთად, „რუსული გავლენების გამოკვლევა სამცხე-ჯავახეთის რეგიონში“ თემაზე მუშაობა დავიწყეთ. შოკში ვიყავით, რადგან უბრალო ჟურნალისტები საზღვარზე ჯერ 4-5 საათი ალოდინეს და ბოლოს უარით გაისტუმრეს“,- უყვება „მეცხრე არხს“ „NewCaucasus”-ის ჟურნალისტი ნინო გოგოლაშვილი.

მომხდარი მისთვის გაუგებარია, რადგან ფიქრობს, რომ სომეხი ჟურნალისტები ჩვენი ქვეყნისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

შესაძლებელია ეს ყველაფერი იმ თემას უკავშირებოდეს, რომელზეც ქართველი და სომეხი ჟურნალისტები ერთად ვმუშაობთ. არ უნდათ ეს თემა გავაშუქოთ ამ რეგიონში. კვლევის დროს აღმოვაჩნეთ,რომ საქართველოში ვლადიმერ ხომერიკი ყოფილა ჩამოსული. სირცხვილია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ეს პიროვნება შემოჰყავთ და იური მანველიანს, ჩვეულებრივ ჟურნალისტს, უარს ეუბნებიან. არ ვიცი ეს ყველაფერი რისი მაჩვენებელია“.

ნინო გოგოლაშვილის თქმით, მასალაზე ეს ყველაფერი არ აისახება, ის კვლავ გააგრძელებს სომეხ კოლეგასთან მუშაობას და მათი კვლევაც მალე გაშუქდება.

საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საქართველოს კანონი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" - ამბობენ შსს-ში.

მათი განმარტებით, ჟურნალისტებს საქართველოში შემოშვებაზე უარი ამ კანონის მე-11 მუხლის "ი" ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვათ.

"მე-11 მუხლი არეგულირებს საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლებს.
"ი"ქვეპუნქტი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებს გულისხმობს. ანუ დარღვევას, რომელიც საქართველოს სხვა კანონმდებლობით ან დადგენილებით რეგულირდება",
- გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.

| Print |