სამართალი
ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა განხორცილდება
ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა განხორცილდება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ბიუროს 28 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება.

კანონპროექტის მიხედვით, ძალადობის მსხვერპლის დაცვის მიზნით, პოლიციის თანამშრომელი უფლებამოსილი იქნება მოძალადის მიმართ დააწესოს ელექტრონული ზედამხედველობა, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რეალური საფრთხე. ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებას პოლიციელი ახორციელებს შემაკავებელი ორდერის ოქმით განსაზღვრული რისკების შეფასების კითხვარის საფუძველზე.

ძალადობის განმეორების საფრთხის შეფასებისას მხედველობაში მიიღება მათ შორის, წარსულში მოძალადის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ან/და დამცავი ორდერის დარღვევის ფაქტი და დარღვევის ხასიათი, მოძალადის მიერ წარსულში ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის ფაქტი, მოძალადის მიერ მუქარის ან/და ფიზიკური ძალადობის განხორციელებისას ცივი/ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების/დემონსტრირების ფაქტი და სხვა გარემოებები.

ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, ასევე ნებისმიერ დროს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში. ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება 1 თვეს.

ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელების დაწესების შესახებ გამოიცემა სპეციალური ოქმი, რომელიც გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში დასამტკიცებლად წარედგინება სასამართლოს.

ელექტრონული ზედამხედველობის განსახორციელებლად, მსხვერპლისთვის შესაბამისი ტექნიკური საშუალების გადასაცემად, ხოლო მოძალადისთვის შესაბამისი ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად, პოლიცია უფლებამოსილია მსხვერპლი/მოძალადე გადაიყვანოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულის განხორციელება ადგილზე შეუძლებელია.

პოლიციის უფლებამოსილი პირის მიერ მოძალადის ადგილზე არყოფნისას მოძალადისათვის ელექტრონული ზედამხედველობის ოქმის გამოცემის შემთხვევაში, პოლიცია უფლებამოსილია პირი დაიბაროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ ორგანოში ელექტრონული საშუალების სხეულზე დასამაგრებლად. პირის გამოუცხადებლობის შემთხვევაში პოლიცია უფლებამოსილია განახორციელოს მოძალადის ძებნა ქვეყნის მასშტაბით.


| Print |