სამართალი
სასამართლომ ადიგენის სადავო მიწები საპატრიარქოს საკუთრებაში დატოვა
ადიგენში, ნასოფლარ ქვაბიჯვარში სადავო მიწების საქმეზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. მოსამართლე გია ბერაიამ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

ადიგენის სოფლების - კიკიბოსა და დერცელის მოსახლეობა იმ სამართლებრივი აქტების გაუქმებას ითხოვდა, რომლის საფუძველზეც საპატრიარქოს შვიდ ჰექტრამდე ტერიტორია გადაეცა. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთს 15-მდე გლეხი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდა. სარგებლობაში კი 90-იან წლებში, მიწის რეფორმის დროს გადასცეს. საპატრიარქომ ეკლესიის ნანგრევი და მიმდებარე ტერიტორია გასულ წელს დაირეგისტრირა. მოსახლეობა ამბობს, რომ მიწის გასხვისების შესახებ 2018 წლის სექტემბერში შეიტყვეს, როცა სასულიერო პირებმა დარეგისტრირებული ტერიტორიის შემოღობვა დაიწყო.

მოსარჩელეთა ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი" იცავს. ადმინისტრაციულ სარჩელზე მოპასუხე მხარეს საჯარო რეესტრი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ეკონომიკის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა წარმოადგენდნენ. საქმეში მესამე პირად ჩართული იყო საპატრიარქო.

„სასამართლო პროცესმა ცალსახად გვანახა, რომ მოსარჩელე მხარეს სამართლებრივი ან ფაქტობრივი მტკიცებულება არ გააჩნია. ამიტომ მილოდინი იმისა, რომ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას, მე არ გამაჩნია“, - განაცხადა გადაწყვეტილების გამოტანამდე საპატრიარქოს წარმომადგენელმა ედიშერ ქარჩხავამ.

ამავე თემაზე: 

მხარეებს შორის დაწყებულმა დავამ სასამართლოში გადაინაცვლა (ვიდეო)

„გლეხებს მიწას ნუ წაართმევთ“ - ადიგენის მუსლიმი მოსახლეობის და საპატრიარქოს დავა
| Print |