სამართალი
აქციაზე დაკავებულების რაოდენობა 18-მდე გაიზარდა

 

რუსთაველზე, აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა 18 პირი დააკავეს. ყველა მათგანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით - პოლიციელის დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობისთვის არიან დაკავებულნი. 

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული დარღვევისთვის 18 პირი დააკავა.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ქუჩებსა და რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს დასუფთავების სამუშაოები და საავტომობილო მოძრაობა უახლოეს პერიოდში აღდგება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიზნით, რუსთაველის გამზირზე რჩებიან.

პოლიცია მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, დაიცვან კანონის მოთხოვნები. შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდარღვევის თითოეულ ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს და კანონდარღვევის ყველა ფაქტს პოლიციის მხრიდან მოჰყვება შესაბამისი ზომები", -
წერია შსს-ს განცხადებაში.

დაკავებულებს შორის არიან გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი და ბექა ბასილაია. ისინი დიღმის მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. თაბუკაშვილის საპატრულო პოლიციის სამმართველო „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ ხელწერილის საფუძველზე დატოვა.

"ეს დაკავება ცალსახად პოლიტიკურია. ჩვენ ვახდენდით ჩიტაძის ქუჩაზე პარლამენტის წინა შესასვლელის პიკეტირებას, როდესაც დაიძრა სპეცრაზმი და დავსხედით ქვაფენილზე, სპეცრაზმმა დაიწყო ჩვეულებრივი გადავლა, რა დროსაც მე ვეხმარებოდი ადამიანებს ფეხზე წამოდგომაში. ამის შემდეგ ერთადერთი რისი საშუალებაც იყო, ფიზიკური ძალით დაგვეკავებინა სპეცდანიშნულების რაზმი, რომ ადამიანები არ გაეჭყლიტათ, რასაც მეც ვაკეთებდი - პირადად ვაკავებდი ერთ-ერთ სპეცრაზმელს. გამათავისუფლეს ხელწერილით ალბათ იმიტომ, რომ პოლიტიკური ფიგურა ვარ, მეეჭვება დაკავებულების დანარჩენი ნაწილი დღეს გაანთავისუფლონ, მათ ალბათ, წინასწარი დაკავების იზოლატორში მოუწევთ ღამის გატარება. დამაწერინეს ხელწერილი, თუ საგამოძიებო ორგანოები დამიძახებენ გამოვცხადდები," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

| Print |