სამართალი
ნინოწმინდაში ნაძვის ხის მოსართავი მოიპარეს
ნინოწმინდაში, კულტურის სახლის წინ მდგარი ქალაქის მთავარი ნაძვის ხიდან მორთულობის ნაწილი მოხსნეს.

სავარაუდოდ, უცნობმა პირმა, LED განათების სისტემა და მანათებელი ელემენტი მოიპარა.

ინფორმაციას სათემო რადიო ,,ნორი" ავრცელებს.

ნინოწმინდის მერიამ, 2020 წლის საახალწლო მორთულობისა და ღონისძიებებისთვის ტენდერი 11 016 ლარზე გამოაცხადა, პირდაპირი შესყიდვით კი 4800 ლარით სასაჩუქრე ყუთები შეიძინა. 

სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ ჩალათაშვილი აცხადებს, რომ ნინოწმინდის მერიამ მოკრძალებული ხარჯი თბილისის მერიის საჩუქრის გამო გაიღო.

,,წელს დედაქალაქიდან საჩუქრად მივიღეთ დაახლოებით 23 ათასი ლარის ყვითელი შუქები, ხოლო შარშან რკინის ვერცხლისფერი პატარა ნაძვები ნინოწმინდასა და ახალციხეს 10-10 ცალი გადმოეცა, რისთვისაც მადლობას ვუხდით მერიას" - განუცხადა tv9news.ge -ს ვლადიმერ ჩალათაშვილმა.

რაც შეეხება ქურდობის ფაქტს, შესყიდვების სამსახურში ამბობენ, რომ მოპარულია რომბისებრი ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ დაუდევრობით მოხდა. 




| Print |