სამართალი
მუსლიმებმა ადიგენის მიწების საქმე სააპელაციოში გაასაჩივრეს

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, სოფლების - კიკიბოსა და დერცელის მოსახლეობამ, შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრა. ადვოკატს ჯერ არ მიუღია პასუხი, მიიღებს თუ არა წარმოებაში საქმეს სააპელაციო სასამართლო.

მოსამართლე გია ბერაიას 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ადიგენის მუნიციპალიტეტში, ნასოფლარ ქვაბიჯვარში შვიდ ჰექტრამდე ტერიტორია, საპატრიარქოს საკუთრებაში დარჩა. დაცვის მხარე სწორედ ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს.

„დეკემბერში გავასაჩივრეთ ახალციხის სასამართლოში, იქიდან დაგვიანდა სააპელაციოში გადაგზავნა. ახლა საქმე სააპელაციო სასამართლოშია, ჯერ არ ვიცით მიიღებს თუ არა წარმოებაში, ჯერ არ მოსულა განჩინება. ვითხოვთ მოსამართლის გადაწყვეტილების სრულად გაბათილებას“, - გვითხრა საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრის" ადვოკატმა მერი აღაპიშვილმა.

მოსახლეობა სასამართლოში იმ სამართლებრივი აქტების გაუქმებას ითხოვდა, რომლის საფუძველზეც საპატრიარქოს შვიდ ჰექტრამდე ტერიტორია გადაეცა. ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ სადავო მიწის ნაკვეთს 15-მდე გლეხი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით იყენებდა. სარგებლობაში კი 90-იან წლებში, მიწის რეფორმის დროს გადასცეს. ტერიტორია საპატრიარქომ 2018 წელს დაირეგისტრირა. მოსახლეობა ამბობს, რომ მიწის გასხვისების შესახებ იმავე წლის სექტემბერში შეიტყვეს, როცა სასულიერო პირებმა დარეგისტრირებული ტერიტორიის შემოღობვა დაიწყო.

მოსარჩელეთა ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრი" იცავს. ადმინისტრაციულ სარჩელზე მოპასუხე მხარეს საჯარო რეესტრი, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, ეკონომიკის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა წარმოადგენდნენ. საქმეში მესამე პირად ჩართული იყო საპატრიარქო. 

ამ თემაზე უფრო ვრცლად წაიკითხეთ: 
| Print |