სამართალი
არასრულწლოვნებმა აწყურში მაღაზია გაძარცვეს

 

ახალციხის სოფელ აწყურში ორმა მოზარდმა ადგილობრივის მაღაზია გაძარცვა. შემთხვევის შედეგად სხეულის მცირე დაზიანებები მიიღო ობიექტის მეპატრონემ, რომელმაც მძარცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

„როგორც ვიცით, ეს ბავშვები თბილისელები არიან, აწყურში სტუმრად არ ყოფილან. დილის ექვს საათზე გზაზე გაუვლიათ და მაღაზია რომ დაუნახავთ, შესულან. მეპატრონეს იქვე ოთახი აქვს, სადაც იძინებს. ნიღბებით ყოფილან, მეპატრონეს ერთი დაუჭერია, მაგრამ მეორეს სასწორი ჩაურტყამს თავში. გადარჩა, რომ რამე სერიოზული არ მოხდა. მხოლოდ რამდენიმე სიგარეტის წაღება შეძლეს. აქ ვიდეოთვალი ან კამერები არსადაა დამონტაჟებული, რომ ამის მიხედვით მიეგნოთ“, - გვიყვებიან ადგილობრივები.

შსს-ში ამბობენ, რომ მაღაზიის ძარცვის ბრალდებით ორი პირი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის ორი ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფის მიერ, წინასწარი შეთანხმებით ძარცვას გულისხმობს.

 

| Print |