სამართალი
არასრულწლოვნებმა მაღაზიის მეპატრონეს ფული და პროდუქცია წაართვეს - შსს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალციხის სოფელ აწყურში მომხდარ მაღაზიის ძარცვაზე, ბრალდებულების დაკავების ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, პოლიციამ 2004 წელს დაბადებული ლ.წ. და 2003 წელს დაბადებული ლ.ჯ., წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ბრალდებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში მდებარე სასურსათო მაღაზიაში უკანონოდ შეიჭრნენ, სავაჭრო ობიექტის მეპატრონეს გარკვეული ოდენობის თანხა და პროდუქცია წაართვეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაძარცვი პროდუქცია და თანხა",
- წერია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვას გულისხმობს.

​დანაშაული 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |