სამართალი
ცოლს იარაღით და ნაჯახით მოკვლით ემუქრებოდა - შსს
სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1976 წელს დაბადებული ჯ.გ. ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

​საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვან შვილს - 2009 წელს დაბადებულ ს.გ.-სა და მეუღლეს - 1987 წელს დაბადებულ ლ.მ.-ს, არასრულწლოვნის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. 

ასევე, მამაკაცი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, მეუღლეს ცეცხლსასროლი იარაღისა და ნაჯახის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. 

​პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და ნაჯახი ნივთმტკიცებად ამოიღო. ​

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, ასევე, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრების მიმართ ჩადენილ ძალადობასა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |