სამართალი
საქართველოში აღრიცხული კიბერდანაშაული 42%-ით გაიზარდა

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში კიბერდანაშაულის რაოდენობა გაორმაგდა. კრიმინალის სტატისტიკის მიხედვით, პირველ შვიდ თვეში ამ ტიპის დანაშაულის სულ 1806 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს +42.43%-ით აღემატება.

ამ ტიპის დანაშაულების ზრდასთან ერთად, შემცირებულია მათი გახსნის მაჩვენებელიც. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში სამართალდამცავებმა კომპიუტერული დანაშაულების 7.73% გახსნეს, 2019 წელს კი, ეს რიცხვი 5.43%-მდე არის შემცირებული ანუ კიბერდანაშაულის 94% გაუხსნელი რჩება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კიბერდანაშაული რამდენიმე მუხლით ისჯება, ესენია:

• მუხლი 284 - კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, ამ მუხლისთვის დაწესებული მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა;
• მუხლი 285 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 3-წლიანი პატიმრობაა;
• მუხლი 286 - კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა, ამ მუხლისთვის მაქსიმალური სასჯელი 5 წლამდე პატიმრობაა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს სხვა კატეგორიის დანაშაულების რაოდენობაც მკვეთრად გაიზარდა. წლის განმავლობაში ჯამურად 64123 სამართალდარღვევა აღირიცხა, რაც 2018 წელთან შედარებით 9.78%-ით მეტია. 

წყარო: bm.ge

 

| Print |