სამართალი
წესით, საბა თათეშვილის ბრალი არ უნდა წაუყენონ, რადგან თავს იცავდა - ადვოკატი
მკვლელობაში დადანაშაულებული ბიზნესმენი საბა თათეშვილი კლინიკაში ადვოკატმა მოინახულა. დღეს, სავარაუდოდ, საბა თათეშვილს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. თუმცა, ადვოკატის თქმით, პროკურატურამ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ უნდა წაუყენოს, რადგან ის თავს იცავდა.

8 მარტს პიკასოს ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში დადანაშაულებული ბიზნესმენი ისევ კლინიკაშია. მისი მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრალის დადგენილების გაცნობის პროცედურაც, სწორედ სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარდება.

ახალგაზრდა კაცს დილით, საკუთარ სახლში დანით შეიარაღებული პირი თანხის გამოძალვის მიზნით თავს დაესხა და 5-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა. საპასუხოდ კი თათეშვილმა, რომელიც ამჟამად კლინიკაშია, თავდამსხმელს ესროლა, რა დროსაც ის, ადგილზევე დაიღუპა.

საბა თეთეშვილის ადვოკატმა კახა წერეთელმა რუსთავი2-თან განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავს მძინარე მდგომარეობაში დაესხნენ და ის, თავს იცავდა.

,,თუ საბას წაუყენებენ ბრალს, ფაქტობრივად, ამით პროკურატურა იტყვის, რომ თუ თავს გესხმიან, ან უნდა მოკვდე, ან წახვიდე ციხეში. ჩემი ინფორმაციით, დაღუპული ადამიანის დედა გამოიკითხა და მან გამოძიებას სრული და ობიექტური ინფორმაცია მიაწოდა. ვადასტურებ, რომ მასზე თავდასხმა მძინარე მდგომარეობაში მოხდა, მიაყენა დაზიანებები. ამ პიროვნებამ თავი გადაირჩინა,"- განაცხადა ადვოკატმა.

ის, რომ საბა თათეშვილს თავს მძინარე მდგომარეობაში დაესხნენ იმ ნივთებით დასტურდება, რომელიც პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ამოიღო. ეს არის ბალიში, რომელსაც სისხლის კვალი ეტყობა და რომელიც დანით არის დაჭრილი.
| Print |