სამართალი
,,სროლის შესაჩერებლად ბოლოს მეც ჰაერში ვისროლე"- დეპუტატი
სროლის ხმა ისროდა 26 მარტს ახალქალაქში. ქალაქის ცენტრში, პარლამენტის წევრის ენზელ მკოიანის სახლსა და საკრებულოს დეპუტატის სამველ პეტროსიანის კაფეს შორის გასროლის ხმა, დღის სამი საათისთვის დაახლოებით ხუთჯერ გაისმა.

სამართალდამცველები შემთხვევის ადგილს სამი საათის განმავლობაში ათვალიერებდნენ.

მხარეების დაკითხვა დილამდე გაგრძელდა.

რა მიზეზით დაიწყო სროლა და ვინ გაისროლა პირველად ამის შესახებ არავინ საუბრობს.

Tv9news.ge -სთან სატელეფონო საუბრისას სამველ პეტროსიანი ამბობს, რომ შენობიდან გარეთ მას შემდეგ გავიდა, როცა სროლის ხმა შემოესმა, გარეთ გასულმა კი გაარკვია, რომ დაპირისპირება მის შვილსა და ენზელ მკოიანს შორის იყო.

,,ალბათ 2 საათი იქნებოდა, სროლის ხმა რომ გავიგე, როცა ჩემი შვილი და ენზელ მკოიანი დავინახე, იძულებული გავხდი ჰაერში მესროლა, რათა დაპირისპირება შემეჩერებინა. მე კაფესთან ვიდექი, კამერებში კარგად ჩანს ყველაფერი. მათ შორის მისი სახლიდან ნასროლი ტყვიის ნაკვალევი ჩემი კაფის კედლებზე. სროლის დაწყების მიზეზი რა გახდა ვერ გეტყვით, თუმცა როგორც კი დაველაპარაკები ჩემს ვაჟს, მეცოდინება" - აცხადებს სამველ პეტროსიანი.

სამველ პეტროსიანის მსგავსად დაკითხვაზე იმყოფება ენზელ მკოიანიც. საქართველოს პარლამენტის წევრი მედიასთან არ საუბრობს, თუმცა ფიქრობს რომ პეტროსიანს არ მოსწონს ჯავახეთის აღმშენებლობა, რის გამოც სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს მისთვის ხელის შეშლას.

დაპირისპირების დეტალებზე საუბარი არც ერთ მხარეს სურს.

,,კამერებში კარგად ჩანს, რომ ჩემი მიმართულებით ისროდნენ, როცა აღარ გაჩერდა, ბოლოს მეც გავხდი იძულებული ჰაერში გამესროლა. ალბათ 4-5-ჯერ მაინც ისროლეს" - ამბობს ენზელ მკოიანი.

მომხდარის შესახებ არ საუბრობენ ადგილობრივები, თუმცა დღისით, ქალაქის ცეტრში გამართულ ორ მხრივ სროლას სამართალდამცველების სისუსტესა და დამნაშავეთა დაუსჯელობას მიაწერს ოპოზიცია.

ჯავახეთში, ნაციონალური მოძრაობის ხელმძღვანელის აზრით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა თავდასხმა და სროლები გამოუძიებელი რჩება. მელიქ რაისიანის განცხადებით,

,,პოლიციას და ზოგადად ჯავახეთს მკოიანები მართავენ, ამიტომ ეს საქმეც ისევე შემოიდება თაროზე, როგორც თუნდაც ჩვენ ორგანიზაციაზე თავდასხმა"-აცხადებს რაისიანი.


რაც შეეხება ევროპული საქართველოს წარმომადგენელს, ამბობს, რომ მსგავსი ფაქტები ჯავახეთში თითქმის თვეში ერთხელ ხდება, თუმცა ამის გამო არასდროს არავინ დასჯილა.

,,გავიგე, რომ იყო სროლა, აქ პრობლემა მარტო ის კი არ არის, რომ ენზელას ან სხვას ესროლეს, არამედ ის, რომ კანონის მიღმა, საკუთარი ძალებით ცდილობს ეს ხალხი პრობლემის მოგვარებას. ქალაქის ცენტრში, სადაც განთავსებულია მერია, კულტურის სახლი, კაფეები, სკოლა და ა.შ. შუადღით იწყება სროლები და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა უკვე" - აცხადებს არსენ კარაპეტიანი.


ენზელ მკოიანსა და სამველ კარაპეტიანს შორის დაპირისპირების ეს პირველი შემთხვევა არ არის. ერთ-ერთი გახმაურებული ინციდენტი მხარეებს შორის 2019 წლის შემოდგომით მოხდა, როცა ჩხუბის მიზეზი სამოციქულო ეკლესიასთან მანქანის გაჩერების ადგილი გახდა.
| Print |