სამართალი
პოლიციაში, დაკითხვაზე მყოფი დეპუტატები და ტყვიის კვალი
ორმხრივი სროლის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი, ახალქალაქის საკრებულოს დეპუტატი პატრიოტთა ალიანსიდან სამველ პეტროსიანი, პეტროსიანის შვილი და კიდევ 15-მდე ადგილობრივი შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.

ორმხრივი სროლის გამო მიზეზების გამოსაძიებლად ახალქალაქის მაცხოვრებელბი ახალციხეში 26 მარტს, დაახლოებით 18:00 საათისთვის გადმოიყვანეს. დაკითხვა 27 მარტის, დაახლოებით 7 საათისთვის დასრულდა.

დაკითხვიდან გამოსულმა დეპუტატებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს. სატელეფონო ზარებს არ პასუხობს ენზელ მკოიანი.

სამველ პეტროსიანი კი აცხადებს, რომ ჟურნალისტებთან გამოძიების დასრულების შემდეგ იკონტაქტებს. საკრებულოს დეპუტატი იმედოვნებს, რომ საქმე დროულად გაიხსნება და დამნაშავე დაისჯება.

,,მომხდარის გამო პასუხი უნდა აგოს, ვინც დააშავა. არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება დამნაშავე - მე, ჩემი შვილი თუ ენზელ მკოიანი. დამნაშავე კანონის ძალით უნდა დაისაჯოს. მე როგორც პოლიციის ყოფილი უფროსი, წუხანდელიდაკითხვის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი ნორმალურად და კანონის დაცვით ხორციელდება, ამიტომ დაველოდები გამოძიების პასუხს და მომხდარზე კომენტარს მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთებ. არ გამოვრიცხავ, რომ პრესკონფერენციაც გავმართო" - განუცხადა tv9news.ge -ს სამველ პეტროსიანმა. 

ორმხრივი სროლა ახალქალაქში 26 მარტს, დაახლოებით 15-დან 16 საათამდე გაიმართა. ქალაქის ცენტრში, მუნიციპალიტეტის მერიასთან თვითმხილველების თქმით, დაახლოებით 5-ჯერ გაისროლეს. ტყვიის კვალი სამველ პეტროსიანის კაფესაც ეტყობა.



შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126- 1პრიმა ნაწილის (ბ) ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
| Print |