სამართალი
მარტში უკანონო ტყითსარგებლობის 232 ფაქტი გამოვლინდა

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის პირველიდან 31 მარტის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 232 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 8 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. 

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 118 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა - 34 ფაქტი, აჭარაში - 20, ქვემო ქართლში - 17, სამცხე-ჯავახეთში - 13, შიდა ქართლში - 12, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 6, მცხეთა-მთიანეთსა და გურიაში - 3-3, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი -2 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი დედაქალაქშიც გამოავლინეს - თბილისში, მარტის თვეში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 4 ფაქტი დაფიქსირდა. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 244 მ3-მდე ხე-ტყე. ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 29 ფაქტი. ასევე, ამოღებულია 13 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

| Print |