სამართალი
ცხოველიადმი სასტიკ მოპყრობაში ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ გაასაჩივრა

 

ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დაკავებული პირისთვის, სასამართლოს მიერ განსაზღვრული აღკვეთის ღონისძიება პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ 31 წლის მამაკაცს გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი შეუფარდა. 

"2020 წლის 10 აპრილს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ბრალდებულ ა.ს.-ათვის აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდება და გირაოს უზრუნველყოფამდე პატიმრობა. სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ ხელწერილი შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება პროკურატურამ სააპელაციო ინსტანციაში გაასაჩივრა“, - აცხადებენ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში.

უწყებაში ასევე განმარტავენ, რომ აღნიშნული დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, მაქსიმალურად ეცდებიან მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა განახორციელონ მსგავსი კატეგორიის დანაშაულზე. ამასთან, პროკურატურა გეგმავს ცხოველთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის დაწესებული სასჯელის გამკაცრების მიმართულებით პარლამენტთან მუშაობას.

გამოძიების ინფორმაციით, ექვს აპრილს, დაახლოებით 20:30 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ა.ს.-მ ქ.ბორჯომში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან უმიზეზოდ გადააგდო ქ.თ.-ს კუთვნილი ძაღლი, რის შედეგად ცხოველმა მიიღო დაზიანებები. სამართალდამცველებმა ა.ს. 2020 წლის 8 აპრილს დააკავეს. ა.ს.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია. ა.ს.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ამავე თემაზე: 
| Print |