სამართალი
სოფელ გულიკამში ოთხი სახლი გაქურდეს
17-დან 20 აპრილამდე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიკამში, ოთხი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. ინფორმაციას გამოცემა jnews.ge ავრცელებს. ადგილობრივების თქმით, უცნობმა პირებმა დაკეტილ სახლებში შეაღწიეს, რომლის მეპატრონეებიც ახლა სოფელში არ იმყოფებიან. რა არის სახლებიდან წაღებული, არ დადგენილა. 

პირველი სახლი სავარაუდოდ, 17 აპრილს გაქურდეს. ადგილობრივების თქმით, 15 000 ლარი და ორი რეგისტრირებული იარაღია წაღებული. მეზობლებს სახლი არეული დახვდათ. მისი მეპატრონე მასწავლებელი იყო და გასული წლის შემოდგომაზე, პენსიაზე გასვლის შემდეგ მიღებული ორი წლის ხელფასი სახლში ჰქონდა შენახული.

ორი სახლის 18 აპრილს, საღამოს გაქურდეს. მეოთხე სახლში უცხო პირებმა რომ შეაღწიეს, ეს ადგილობრივებმა 19 აპრილს შენიშნეს. 

”მთელი სახლი გადატრიალებულია, არ ვიცი რისი წაღება შეეძლოთ იქიდან, ძველი ნივთებია. მეპატრონეები რუსეთში 20 წლის წინ გაემგზავრნენ და იქვე გარდაიცვალნენ, შვილებმა არც კი იციან რა დატოვეს მშობლებმა. პოლიცია გუშინ მოვიდა და თითის ანაბეჭდები აიღო. ”- ამბობს სოფლის დეპუტატი სარგის უზუნიანი. 

შსს-ში გვითხრეს, რომ პირველ შემთხვევაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას გულისხმობს. დანარჩენ შემთხვევებში კი სამართალდამცველები საქმეს 117-ე ქურდობის მუხლით იძიებენ.
| Print |