სამართალი
დეპუტატ მკოიანის ძმიშვილის გათავისუფლების თხოვნით, ჯავახეთში ხელმოწერები შეაგროვეს

 

ნინოწმინდა-ახალქალაქის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმის შვილის ადვოკატმა დღეს, შვიდ მაისს, პრესკონფერენცია გამართა და ახალქალაქში, ორი გვარის ბოლო, ხმაურიან დაპირისპირებაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ტარიელ მურმანიშვილმა მედიაცენტრ "მთავარში" მედიას თავდაპირველად 26 მარტს, ახალქალაქის ცენტრში მომხდარი ინცინდენტის ამსახველი კადრები აჩვენა.

„კონფლიქტი დასრულებული იყო, ადამიანები იშლებოდნენ. სამველ პეტროსიანმა უბეში ჩაიყო ხელი და იღებს პისტოლეტურ იარაღს. ამ დროს მკოიანი და მისი თანხმლები პირები სახლის მიმართულებით არიან წამოსულები. პოლიციის თანამშრომლები და მისი შვილი ცდილობენ პეროსიანის გაჩერებას, მოიმარჯვა იარაღი და დაუწყო სროლა, მკოიანი ცდილობს ტყვიების აცილებას. სამი გასროლის შემდეგ პეტროსიანს გაეჭედა ტყვია და ამ დროს მკოიანი მიდის მისკენ, მაგრამ ისვრის ჰაერში. თავს იცავს“, - განაცხადა ტარიელ მურმანიშვილმა.

ამ ვიდეომტკიცებულებიდან გამომდინარე, ადვოკატი ითხოვს პროკურატურის მიერ, პეტროსიანისთვის წაყენებული ბრალი გადაკვალიფიცირდეს და გამოძიება განზრახ მცდელობის მუხლით გაგრძელდეს.

„პეტროსიანი დამიზნებით, ენზელ მკოიანის მიმართულებით ახორციელებს სამ გასროლას ისე, რომ ცდილობდა სიცოცხლის მოსპობას. ეს არის პარლამენტის დეპუტატზე განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მცდელობა“.

ადვოკატის თქმით, არმენ მკოიანი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, მეთორმეტეკლასელია და მის მიმართ დაწყებული გამოძიების მუხლი, მტკიცებულებების არარსებობის გამო, არარელევანტურია.

„არმენ მკოიანი გარბის, შემდეგ მისი მეგობარი აძლევს იარაღს, რომელიც არ ისვრის, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არასაბრძოლო, უვარგისი იარაღია. არმენ მკოიანი მიდის დამიზნებით, მაგრამ სროლას ვერ განახორციელებდა. რა თქმა უნდა გამართლდება, ხულიგნობის ნაწილში ის გამართლდება“.

მურმანიშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პტიმრობა გირაოთი უნდა შეიცვალოს. ამ მოთხოვნით ახალქალაქსა და ნინოწმინდაში მოსახლეობამ ხელმოწერებიც შეაგროვა.

„მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. მას თავში აქვს 7 სმ-მდე დიამეტრის კისტა. სისტემატურ მკურნალობას გადის როგორც თბილისის კლინიკებში, ისე სტამბულში, ცნობილ ამერიკულ კლინიკაში. ექიმები ამბობენ, რომ სერიოზული საშიშროება არის, ის გადაიზარდოს სიმსივნეში. ეს დასკვნაც წარდგენილი გვაქვს, თუმცა, დღეის მდგომარეობით დაპატიმრებულია. ჩვენი მინიმალური მოთხოვნაა, რომ გარეთ იქნას გამოშვებული. ახალქალაქის და ნინოწმინდის მოსახლეობა, ოცი ათასი პიროვნება ხელს აწერენ და მიუთითებენ, რომ არმენ მკოიანი არის დადებითი პიროვნება, წარჩინებული მოსწავლე, ოქროს მედლის კანდიდატია. ის დამამთავრებელ კლასშია და მის მიმართ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა არარელევანტურია“, - უპასუხა ჟურნალისტებს ტარიელ მურმანიშვილმა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. წინასასამართლო სხდომა 18 ივნისს არის ჩანიშნული.

შეგახსენებთ, რომ ინცინდენტი 26 მარტს, ახალქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა. ენზელ მკოიანი და სამველ პერტოსიანი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ორივე მხარის ხელში ცეცხლსასროლი იარაღი გამოჩნდა.

პოლიციამ მომხდარზე ოპოზიციონერი სამველ პეტროსიანი და „ქართული ოცნების“ დეპუტატის ძმის შვილი, არმენ მკოიანი დააკავეს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

| Print |