სამართალი
სუს-ი ახალციხის მერის და ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის ძმების კომპანიების საკითხს შეისწავლის

 

ახალციხის მერის ზაზა მელიქიძისა და ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა მელიქიძის ოჯახის წევრების კომპანიების მიერ მოგებული ტენდეტებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო დაინტერესდა. სუს-ში ამბობენ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში მოყვანილ ფაქტებს გადაამოწმებენ.

 


"ამ საკითხის შესწავლა მოხდება", - გვითხრეს სუს-ის პრესსამსახურში. 

უწყებას, საეჭვო ტენდერების გამოძიებისკენ, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ მოუწოდა. 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ პროკურატურას, შეისწავლოს სს „XXI საუკუნის“, შპს „ნუკიასა” და ნანა მაისურაძის მიერ მოგებული თითოეული შესყიდვა და დაადგინოს, იყო თუ არა ეს შესყიდვები მათთვის სასურველი პირობებით გამოცხადებული და ჰქონდა თუ არა ადგილი კორუფციის შესაძლო შემთხვევებს", - წერია ორგანიზაციის კვლევაში. 

რომლის მიხედვითაც, ზაზა მელიქიძის ახალციხის მერად არჩევის შემდეგ, მისი ძმა და რძალი მუნიციპალიტეტში ტენდერებს იგებენ, ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის შემდეგ კი მისმა ძმამ ასპინძის მუნიციპალიტეტის ტენდერებში გამარჯვება დაიწყო. 2014-2020 წლებში ახალციხის მერის ძმამ და რძალმა ბიუჯეტიდან 565 710 ლარი მიიღეს. ამავე პერიოდში, ასპინძის საკრებულოს თავმჯდომარის ძმას ასპინძის ბიუჯეტიდან 740 065 ლარი დაერიცხა. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" ახალციხის მერის საკუთრებაში არსებული კომპანიების მიერ, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესახებ პირველი კვლევა ათი თვის წინ გამოაქვეყნა. სუს-მა საკითხის შესწავლა დაიწყო, რამდენიმე თვის შემდეგ კი გამოძიება სსკ-ის 332 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.
| Print |