სამართალი
ბარათის გასააქტიურებლად 1 ლარი ჩამირიცხე - სქემა, რომლითაც ახალციხელებს ფული გამოსძალეს
საბანკო ანგარიშის გასააქტიურებლად შვილის ფეისბუქ ანგარიშიდან 1 ლარის ჩარიცხვის მოთხოვნით შეტყობინება ახალციხეში მცხოვრები ქალის ბევრ მეგობარს მიუვიდა. მათგან ორმა მოკითხვის შემდეგ საკუთარი ანგარიშის ნომერი და ბარათის ფოტო მთხოვნელს თავად გადაუგზავნა. თანხის გადასარიცხად გეგმა ყველასთან ერთნაირი იყო.

9 წლის ბავშვის ფეისბუქი, სამი წლის წინ გაუქმდა. მიზეზი დავიწყებული პაროლია. როგორც დედამ გაარკვია, მსგავსი საქმიანობისთვის კიბერთაღლითები ძირითადად გაუქმებულ ფეისბუქ-ანგარიშებს იყენებენ. მას მერე რაც 688 ლარი ერთი ანგარიშიდან უკვე გადაირიცხა, უცნობი პირი ოჯახის სხვა მეგობრებს დაუკავშირდა. კიბერდანაშაულის კიდევ ერთი მსხვერპლი საჩხერეში მცხოვრები ცირა ტაბატაძეა. როდესაც ერთი ლარის გადარიცხვა სთხოვეს, არც კი დაეჭვებულა საბანკო მონაცემები ბავშვის სახელით შემოსულ უცხო პირს ისე გაუზიარა.

მას მერე, რაც უცნობი პირი ფეისბუქ-მეგობრებისგან თანხის ჩარიცხვას ითხოვდა, ქალმა ყველა ახლობელს შეატყობინა, რომ მისი შვილის ფეისბუქით სხვა სარგებლობდა და მათგან თანხას და საბანკო მონაცემებს ითხოვდა. რადგან ფაქტის შესახებ უკვე იცოდა, მამუკა თამარაძის ოჯახმა მსგავსი თხოვნით მიღებულ შეტყობინებას უარით უპასუხა.

საქართველოში, აზარტული თამაშების საიტებზე სხვისი ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა პირველად არ ხდება. ხშირ შემთხვევაში საბანკო ასოციაცია მომხმარებლების გაფრთხილებით იფარგლება და ანგარიშის დაზღვევას ითხოვს ან სამართალდამცველებთან ამისამართებს.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, თაღლითობის და 284 მუხლის პირველი ნაწილით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის მუხლებით დაიწყო.



| Print |