ბათილად ცნობილი გასაუბრების აქტი და ახალციხის მერიისათვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით – ახალციხის რაიონულამა სასამართლომ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელი დააკმაყოფილა.
ახალციხის რაიონულმა სასამართლომ, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ სარჩელი დააკმაყოფილა. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი ახალციხის მერიის საკონკურსო კომისიის ის აქტი, რომლის მიხედვითაც სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელს გასაუბრებაზე დასწრებაზე უარი ეთქვა.
გარდა ამისა, ქალაქის თვითმმართველობას სახელმწიფო ბაჟის, 100 ლარის ოდენობით გადახდა დაეკისრა. მოსარჩელე მხარის იურისტის, თათია ქინქლაძის განმარტებით, მოსამართლემ, მათ მიერ წარდგენილი საფუძვლიანი მტკიცებულებების შემდეგ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
გაასაჩივრებს თუ არა მოპასუხე მხარე, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამზე ქალაქის ხელმძღვანელობა სამოტივაციო ნაწილის მიღების შემდეგ იმსჯელებს. მოპასუხე მხარე შალვა მჭედლიშვილის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას არასამართლიანად მიიჩნევს. სალომე ყულჯანიშვილის განმარტებით, საკონკურსო კომისიას მყარი არგუმენტები ჰქონდა იმისათვის, რომ მოსამართლეს სარჩელი არ დაეკმაყოფილებინა.
ახალციხის მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო კომისიამ, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ წარმომადგენელი, მიმდინარე წლის 1 ივლისს ჩატარებულ გასაუბრებაზე არ დაუშვა. როგორც მაშინ კომისიის წევრებმა განმარტეს, ისინი კონკურსანტების პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებიან და ამიტომ მასზე დასწრების უფლება გარეშე პირებს ამ არგუმენტის საფუძველზე არ მისცეს.