სამართალი
დეპუტატ მკოიანის ძმიშვილის და სამველ პეტროსიანის სასამართლო სხდომა თარჯიმნის არყოფნის გამო გადაიდო
ახალციხის რაიონულ სასამართლოში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის სამველ პეტროსიანის და ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის 19 წლის ძმისშვილს არმენ მკოიანის საქმის განხილვა დაიწყო. სხდომა 17 ივლისს იყო ჩანიშნული, მასზე ორივე მხარე, მათ შორის ენზელ მკოიანიც იმყოფებოდა. თარჯიმნის არყოფნის გამო, წინასასამართლო სხდომა გადაიდო.

დღეს „მეცხრე არხთან“ ორივე მხარე ამტკიცებდა, რომ 26 მარტს, ახალქალაქის ცენტრში მომხდარ ინცინდენტში, უდანაშაულო იყო. მკოიანების ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიერ იარაღიდან გასროლა, უკიდურესი აუცილებლობით ახსნა, პეტროსიანმა კი ექსპერტიზის დასკვნები მოიშველია.

მმართველი პარტიის წევრის ძმიშვილ არმენ მკოიანსა და ოპოზიციონერ სამველ პეტროსიანს ბრალი ედებათ ხულიგნობასა და იარაღის უკანონო ტარებაში. 31 მარტს აღკვეთის ღონისძიებად ორივეს პატიმრობა შეეფარდა, 12 ივნისს, მოსამართლის გადაწყვეტილებით, 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.

შეგახსენებთ, რომ ინცინდენტი 26 მარტს, ახალქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილზე მოხდა. ენზელ მკოიანი და სამველ პერტოსიანი ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, შემდეგ კი ორივე მხარის ხელში ცეცხლსასროლი იარაღი გამოჩნდა.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი დანაშაულის და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების
მუხლებით მიმდინარეობს.

| Print |