სამართალი
"ნაღმი, რომელიც დისტანციურად ამოქმედდა, ხესთან ახლოს, მიწაზე იდო" - ენზელ მკოიანი
მანქანასთან ნაღმი დისტანციური საშუალებით აამოქმედეს - ამბობს ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომლის ძმის, მარდუნ მკოიანის მანქანის აფეთქება გუშინ, 21 აგვისტოს ახალქალაქში სცადეს. მმართველი პარტიის დეპუტატი ამბობს, რომ ნაღმი მიწაზე იდო და მანქანის გავლას ელოდებოდა. როცა გზაზე მარდუნ მკოიანის მანქანა გამოჩნდა, ასაფეთქებელი დისტანციურად აამოქმედეს. მკოიანის თქმით, ამის გამო მის ძმას სმენის პრობლემა შეექმნა, ის მკურნალობას სახლში აგრძელებს.

„ხესთან ახლოს, მიწაზე იდო და ელოდებოდა როდის გაივლიდა ჩემი ძმის მანქანა, რადგან ბოლო ორი დღეა მე დავდიოდი მასთან ერთად და ეგონათ, რომ დღესაც იქ ვიქნებოდი“, - ამბობს ენზელ მკოიანი.

დეპუტატის თქმით, ის ანდერძის დაწერას აპირებს, რადგან აფეთქების თაობაზე ბევრი რამ იცის, რასაც პროკურატურასაც მიაწვდის.

„21 წლიანი დეპუტატობის მანძილზე შეცდომა არასდროს დამიშვია, ისე ვემსახურებოდი სამშობლოს. ბოლო ექვსი თვეა შავი პიარი ამიგორეს, თავად გამოიტანეთ დასკვნა. მე დაზარალებული ვარ და ყველა ტელევიზია მხოლოდ იმ კადრს ატრიალებს, მე რომ თავს ვიცავ ხელში იარაღით. ვის აწყობს ეს - ამ ყველაფერს ანდერძში დავწერ“, - გვითხრა ენზელ მკოიანმა.

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 21 აგვისტოს, 17:00 საათზე, ახალქალაქში მოხდა. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს აფეთქებას მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.


| Print |