სამართალი
მოტოციკლის შეჯახებისას დაშავებული მოზარდი თბილისში გადაჰყავთ
ახალციხეში, რაბათის უბანთან 8 წლის ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა. დაშავებული გრიგორ აგაბაბიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჯახის ახლობლების თქმით, მოზარდს დაზიანებული აქვს თავი და ფეხები.

,,ბაიკერი 100 კმ სიჩქარით მოდიოდა, ბავშვს დაზიანებული აქვს თავი და ფეხები. ძალიან მძიმე მდგომარეობააო, გვითხრეს. თბილისელი მონაწილე შეჯიბრის დროს დაეჯახა ბავშვს. თვითმხილველებმა როგორც გვითხრეს გრიგორის ბრალი ყოფილა, თვითონ გაქცეულა" - ამბობს ოჯახის ნათესავი.

მოზარდი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების მენეჯერი რევაზ კუჭუხიძე განმარტავს, რომ აგაბაბიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

გამოძახებული კატასტროფის მანქანას ამ დროისთვის ბავშვი თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაჰყავს.

ბაიკერთა გამართულ შეჯიბრებაზე, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლუბი მონაწილეობდა.

შემთხვევის ადგილი

შემთხვევა ახალციხეში, დღეს, 6 სექტემბერს მოხდა.

შსს-მ მომხდარზე ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


| Print |