სამართალი
ნინოწმინდელი პატიმარი ციხის ადმინისტრაციას უჩივის
გლდანის მერვე საპყრობილეში, ოჯახური ძალადობის ბრალდებით მსჯავრდებული პატიმარი ციხის ადმინისტრაციას ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. პროტესტის ნიშნად ა.ა. -მ შიმშილობა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ელისო კილაძე ავრცელებს.


ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ლალიაშვილი მეცხრე არხთან აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. დეტალებზე საუბარი არ შეუძლია, რადგან ადვოკატირებას მსჯავრდებულს, მაგ ნაწილში თავად არ უწევს.

,,ამ საკითხზე დავწერე საჩივარი, ვუთხარი მოაქციეთ ცალკე საკანში. მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა და საქმეზე ძიება დაიწყო. შესაბამისად, მას შიმშილობის საფუძველი აღარ აქვს",-ამბობს ადვოკატი.

ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ, საქმეზე ძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.

მსჯავრდებულ ა.ა-ს სასამართლომ ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ნინოწმინდაში, სოფელ გორელოვკაში მცხოვრებმა უკვე მოიხადა 1 წელი და ცხრა თვე.
| Print |