სამართალი
უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის ადგილს სპეციალისტები იკვლევენ
ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, სადაც გვიან ღამით უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, სამართალდამცველები იკვლევენ. მათ სოფელ სანავარდოსა და კუჭატანის მიმდებარე ვენახები წითელი ლენტით აქვთ შემოსაზღვრული.

სპეციალისტები მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდნენ. ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად ხმაური იყო, რის შემდეგაც აფეთქების ხმა გაისმა. შემთხვევა დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მოხდა.

"საღამოს შვიდის ნახევარი იქნებოდა,საშინელი აფეთქების ხმა იყო. იმდენად ძლიერი ხმა იყო, ბიძგები ვიგრძენით. სახლი სულ ზანზარებდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა", - აცხადებენ ადგილობრივები.

ყვარლის მუნიციპალიტეტის მსგავსად, უპილოტო საფრენი აპარატი რამდენიმე წუთის ინტერვალით საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს მახლობლადაც ჩამოვარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს მიმდებარე ტერიტორიებზე ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს გაავრცელა.

მათი ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება 7 ოქტომბერს, დაახლოებით 18:35 და 18:45 წუთებზე შევიდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. შემთხვევის ორივე ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული, ექსპერტ-კრიმინალისტები ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.


წყარო: interpressnews.ge
| Print |