სამართალი
"ტრაქტორის მძღოლისთვის ჯარიმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა დააწერინეს“ - ადვოკატი
ახალციხეში, ქალაქ ვალეს მიმდებარედ, მსუბუქი მანქანა და ტრაქტორი ერთმანეთს შეეჯახა. ავარია დღეს, 10 ოქტომბერს მოხდა. შემთხვევის გამო არავინ დაშავებულა. პოლიციამ ტრაქტორის მძღოლი, ადმინისტრაციული წესით, 250 ლარით დააჯარიმა.

ტრაქტორის მძღოლის თქმით, ის დამნაშავე არ არის და ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს.

„სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს ვასრულებდი, რის შემდეგაც გადმოვედი ცენტრალურ გზაზე. დავინახე, რომ მსუბუქი მანქანა სწრაფი სიჩქარით მოდიოდა. დამეჯახა და ტრაქტორი სრულიად დალეწა. ზარალი ძალიან დიდია", - ამბობს ტრაქტორის მეპატრონე ფაშიკ ექნოსიანი.

მისი ადვოკატი ნუგზარ სამარჯიშვილია, რომელიც ეჭვობს, რომ ამ შემთხვევას პოლიტიკური კვალი ეტყობა, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტია, ხოლო მსუბუქი ავტომობილის მძღოლი „ქართული ოცნების“.

„ყოველგვარი სასამართლო განხილვის გარეშე, აღნიშნული სიტუაცია სასაცილოა, ტრაქტორს რომ მსუბუქი მანქანა დაეჯახება და ტრაქტორს რომ გაამტყუნებ, ეს აშკარად პოლიტიკური კვალია“, - ამბობს ნუგზარ სამარჯიშვილი. ადვოკატი ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრებას აპირებს.

შსს-ში დღის პირველ ნახევარში, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გვითხრეს, რომ სამართალდამრღვევი მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.



| Print |