სამართალი
პოლიციელი, რომელიც მძევლებს ჩაენაცვლა, სამცხე-ჯავახეთში მუშაობდა

 

პოლიციელი, რომელიც ზუგდიდის ბანკში მომხდარი ყაჩაღობისას მძევლებს ჩაენაცვლა, სამცხე-ჯავახეთში მუშაობდა. ავთანდილ გალდავა რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. მან 2017 წლის აგვისტოში თეიმურაზ კალანდაძე შეცვალა და აღნიშნულ პოზიციას ორ წელზე მეტი ხნით იკავებდა. გასულ წელს იგი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე გადაიყვანეს.

ავთანდილ გალდავას სახელი რეგიონში ყველაზე მეტად - ბორჯომის საკრებულოში 2018 წლის თებერვალში მომხდარი დაპირისპირების დროს გაჟღერდა, სადაც სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ სამართალდამცველების ჩარევა გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში საქართველოს ბანკში შეიარაღებული მძარცველი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. მან ნახევარი მილიონი დოლარი და ვეტმფრენი მოითხოვა. თანხა ბანკში ავთანდილ გალდავამ შეიტანა. შემდეგ კი მძარცველმა მძევლების ნაწილი გამოუშვა. შენობიდან ბოროტმოქმედი სამ მძევალთან და ავთანდილ გალდავასთან ერთად  გამოვიდა და პოლიციის მანქანით ტერიტორია დატოვა. შსს-ს ინფორმაციით საბოლოოდ მძარცველმა ყველა მძევალი გაათავისუფლა და მიიმალა.
| Print |