სამართალი
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე იდენტიფიცირებულია - შსს
ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენთიფიცირებულია. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც უწყება 21 ოქტომბერს მომხდარი "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით ავრცელებს.

უწყება მედიას და საზოგადოებას მოუწოდებს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღური თავდასხმაში მონაწილე დამნაშავე პირის ვინაობა დაადგინა და ის იდენთიფიცირებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მედიასაშუალებებს და საზოგადოების ყველა წევრს, თუ სხვადასხვა წყაროებით მათთვის ცნობილი გახდა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და ფოტოსურათი, არ გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, რადგან ეს ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო ღონისძიებებს.

პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის ადგილსამყოფელის დადგენის და მისი დაკავების მინით სამართალდამცველების მიერ სპეციალური ოპერატიული, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ფაქტთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად გაავრცელებს
",- ნათქვამია ინფორმაციაში.

21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს.

თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

აღსანიშნავია, რომ 4 მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, შემდეგ კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.
| Print |