სამართალი
ავარიიდან სამი დღის შემდეგ, ჭვინთაში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვინთაში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რომელიც ბორჯომში მოხდა. თბილისიდან მომავალი მამა-შვილი ავტომობილით ბორდიურს შეეჯახნენ. დაშავებული ახალგაზრდა ქალი ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა გასინჯვის შემდეგ, დაჟეჟილობებით სახლში გამოუშვეს.

ახლობლების ინფორმაციით, 2 ნოემბერს ექოსკოპიური გამოკვლევაც ჩაიტარა, თუმცა ვერაფერს მიაკვლიეს. მათივე თქმით, ახალგაზრდა ქალი ფარული სისხლდენით გარდაიცვალა.

"ჭვინთიდან ვეღარ ჩამოასწრეს ან კი რას უზამდნენ ყველა ისეა გადართული კოვიდზე, რომ სხვა პაციენტები აღარ აინტერესებთ. თითქოს კორონას გარდა აღარაფერი ემართება ადამიანს"
- აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში 1 ნოემბერს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
| Print |