სამართალი
ახალციხის საკრებულოს დეპუტატს ავტომობილი მეორედ დაეწვა
ახალციხეში, ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატის კუთვნილი ავტომობილი დაიწვა. რა მოხდა, არ იცის ამბარცუმ ბაბოიანმა, რომელსაც ავტომობილი სახლთან ახლოს ეყენა. მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა შესაბამისი სამუშაოები ჩაატარეს. დეპუტატი იმედოვნებს, რომ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

დაზიანებული ავტომობილი ახალციხის საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. მისი ფარები ჩამსხვრეულია, ხოლო წინა ნაწილი დამწვარი. დარაჯის თქმით, ავტომობილი გუშინ ღამით მიიყვანეს.

საკრებულოს დეპუტატს მსგავსი ინციდენტი სამი წლის წინაც შეემთხვა. 2017 წლის 2 დეკემბერს ამბარცუმ ბაბოიანის ავტომობილთან აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც მაშინაც მისი ავტომობილი დაზიანდა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით სამიდან ხუთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

| Print |