სამართალი
სოფელ კლდეში ოჯახში ძალადობისა და მუქარის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეში 38 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. მ.კ.–ს ოჯახში ძალადობა არასრულწლოვნების თანდასწრებითა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარა ედება ბრალად.

თანასოფლელების ინფორმაციით, ცოლ–ქმარს შორის შელაპარაკება მოხდა და მამაკაცმა მეუღლეს გაარტყა. ინციდენტის შემდეგ კი ქალმა 112–ში დარეკა და ძალადობის შესახებ განაცხადა. სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე ​პრიმა მუხლის მე–2 ნაწილის ბ ქვეპუნქტით და 152–ე მუხლის მეორე ნაწილის დ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რომელიც ოჯახში ძალადობის განმეორებით ჩადენას არასრულწლოვნის თანდასწრებით და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

ჩადენილი ქმედება ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ასევე ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ბრალდებულის საქმეზე სასამართლო სხდომა უკვე გაიმართა. მის უფლებებს სახაზინო ადვოკატი ტარიელ ბალაბანიშვილი იცავს. ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს აღიარებს. იგი ნასამართლევი არ არის და არც შემაკავებელი ორდენი ჰქონია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, სასამართლომ მას გირაო 4 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. ტარიელ ბალაბანიშვილის განმარტებით, ბრალდებული საპატიმროს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს, თუმცა ამ დრომდე მის ოჯახს გირაოს თანხა არ გადაუხდია.

ახალციხის რაიონულ სასამართლოში წინასასამართლო სხდომა 6 იანვარს არის ჩანიშნული.
| Print |