სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო ლევან ზურაბაშვილის საქმეს განიხილავს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. ბრალდებულის ინტერესებს ადვოკატი გიორგი ჭოჭუა იცავს. მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ის დაკავებულის 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

გიორგი ჭოჭუას განცხადებით, ლევან ზურაბაშვილმა მძევლებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შესვლისთანავე უთხრა, რომ არ შეშინებოდათ და რომ ის მათთვის იბრძოდა.

„როგორც კი შევიდა, თქვა, ნუ გეშინიათ, მე ვიბრძვი თქვენთვის. ყუმბარის ფორმის სანთებელა ყურადღების მისაქცევად ეჭირა, რომ ჟურნალისტების ყურადღება მიექცია. ხელზე ტელევიზიების ნომრები ეწერა, „გუგლში“ მოუძებნია, რომ შიგნით მყოფებს მათთვის დაერეკათ“, - განაცხადა ჭოჭუამ.

სასამართლო პროცესის დაწყებამდე ლევან ზურაბაშვლმა დედას მიმამართა:

"ხვალ, ზეგ აღარ გვექნება საქართველო, თუ ხმა არავინ ამოიღო. რამდენჯერ გიტირია იმის გამო, რომ წამოგია და რამდენი დედაა ასე?"- განაცხადა ზურაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში 31 წლის ლევან ზურაბაშვილი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელთან სამართალდამცავების მიერ რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ბრალდებულმა მძევლად აყვანილი ადამიანები ეტაპობრივად გაათავისუფლა.

ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.

ლევან ზურანაშვილი წამოშობით ბორჯომიდან არის.
| Print |