სამართალი
სოფელ სულდაში ადგილობრივს ავტომობილი და ავტოფარეხი დაეწვა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში ადგილობრივ მაცხოვრებელს ავტოფარეხი და ავტომობილი დაეწვა. მეხანძრე-მაშველები ხანძრის ჩაქრობას დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ცდილობდნენ.

Jnews-ის ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად ავტომობილს გაუჩნდა, მიზეზი უცნობია. სააგენტოს ცნობით არ არიან დაშავებულები.

ხანძარი სოფელ სულდაში 24 ნოემბერს დაახლოებით 22:30 საათზე გაჩნდა. მოსახლეობამ სახანძრო დახმარების სამსახური მაშინვე გამოიძახა, თუმცა პირველი მანქანა შემთხვევის ადგილზე 50 წუთის შემდეგ მივიდა. თვითმხილველების თქმით, სახანძრო მანქანა მწყობრიდან იყო გამოსული და მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა ვერ შეძლეს. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ, ადგილზე მეორე მანქანა მივიდა. 10 წუთში მასაც წყლის მარაგი ამოეწურა და ცეცხლი ვერც მათ ჩააქრეს.

ამის შემდეგ სოფლის მოსახლეობა დაზიანებული სახანძრო მანქანიდან წყალს სათლებით იღებდა და ცეცხლის ჩაქრობას ასე ცდილობდა. ხანძარი საბოლოოდ, ერთობლივი ძალისხმევით, ღამის 1:00 საათზე ჩააქრეს.
| Print |