სამართალი
„უშიშროების მხრიდან ძალადობა პირველი შემთხვევა არ არის“ - მელიქ რაისიანი
ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მელიქ რაისიანის შვილს კარლოს რაისიანს სასამართლომ 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა და 2 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზი 23 დეკემბერს, კომენდანტის საათის დროს, პოლიციელებთან მომხდარი დაპირისპირებაა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ოჯახი არ ეთანხმება და მათი ადვოკატი ავთანდილ თელიაშვილი ზემდგომ ინსტანციაში ასაჩივრებს.

„ამ საქმეზე მეორე დღეა ვმუშაობ. დაკავებასთან დაკავშირებით საჩივარის ოქმები ჯერ არ ჩაგვბარებია, რაც შეეხება კომენდანტის საათის დროს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაჯარიმებას, რა თქმა უნდა ვასაჩივრებ და უკვე გამოთხოვილიც მაქვს დოკუმენტები", - ამბობს ადვოკატი.

მელიქ რაისიანი გვიყვება, რომ მეზობელმა პოლიციელმა არმენ კარაპეტიანმა კოლეგებთან ერთად, მისი ვაჟი, კომენდანტის საათის დარღვევისთვის, დაჯარიმების ნაცვლად, განყოფილებაში გადაიყვანა და ფიზიკურად გაუსწორდა.

„ მე არ ვარ წინააღმდეგი ქვეყნის კანონებისა. მართალია, ის სახლთან ახლოს იყო და კომენმდანტის საათი ნამდვილად დაარღვია. დააჯარიმონ, მაგრამ რატომ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში და პროვოკაციულად და ფიზიკურად გაუსწორდნენ"?

რაისიანი აცხადებს, რომ სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკური ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის.

„სამი წლის წინ უშიშროებამ, ჩემი ორივე ვაჟი აშოტი და კარლოსი დააკავა და ელექტროშოკით გაუსწორდა. ასე ალბათ იმიტომ მოქცნენ, რომ მე ჩემი ადგილი ვიცოდე და არ ვიყო პოლიტიკურად აქტიური პიროვნება", - ამბობს მელიქ რაისიანი.

„ვინც ჩემი ძმა დააკავა, არ არიან პოლიციის წარმომადგენლები, კრიმინალები არიან, რადგან ყოველთვის პრობლემებს მხოლოდ ჩვენი ოჯახის წევრებს უქმნიან“, - ამბობს დაკავებულის ძმა აშოტ რაისიანი.

ჰქონდა თუ არა სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი და რატომ არ გამოუწერეს კანონდამრღვევს ჯარიმა ადგილზე - "მეცხრე არხი" შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ელოდება.

| Print |