სამართალი
"20-მა პოლიციელმა მუხლებზე დააყენა და ცემის უარყოფა აიძულა" - მელიქ რაისიანის ვაჟმა საპატიმრო დატოვა
10 დღიანი პატიმრობის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის მელიქ რაისიანის შვილი კარლოს რაისიანი თავისუფალია. თუმცა მას "კომენდანტის საათის" დარღვევისთვის 2 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

კარლოს რაისიანის ადვოკატის განცხადებით, ჯარიმის გაუქმებასთან დაკავშირებით, სარჩელი მზადდება და სასამართლოს ახლო მომავალში წარუდგენენ. ავთანდილ თელიაშვილის განმარტებით, ჯარიმის გამოწერის ადგილად მას არა სახლის მიმდებარე ტერიტორია, არამედ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი ჩაუწერეს.

მე რათქმაუნდა არ ვეთანხმები სასამართლოს გადაწყვეტილებას. კარლოს რაისიანი თავის სახლთან ახლოს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, რა დროსაც პოლიციამ წაიყვანა და მასთან კონფლიქტში შევიდნენ. შემდეგ კი ბრალი წარუდგინეს, რომ უცენზუროდ მოექცა პოლიციას. ვთვლი, რომ პროვოცირება გაუწიეს. გარდა ამისა, არსად წერია, რომ ზღრუბლს იქით გადასვლა არ შეიძლება“- ამბობს ამბობს ადვოკატი ავთანდილ თელიაშვილი.

კარლოს რაისიანი "კომენდატის საათის" დარღვევისთვის ახალქალაქში 23 დეკემბერს დააჯარიმეს და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს. ბრალდებულის მამის მელიქ რაისიანის მტკიცებით, მის შვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა აღნიშნული თავად კარლოს რაისიანმა უარყო. მელიქ რაისიანის თქმით, მისი ვაჟის ცემის ფაქტის უარყოფას სამართალდამცველებმა ისევ ძალადობითა და მუქარით მიაღწიეს.

"ჯერ ერთი, ახალგაზრდა ბიჭია, თვითონაც არ უნდა, რომ ქალაქმა გაიგოს და მეორეც, 20-მა პოლიციელმა მუხლებზე დააყენებით და გინებით ჩემ შვილს ცემის ფაქტის უარყოფა აიძულა. მთავარია, ჩემი ვაჟი უკვე გამოვიდა, უარყო თუ არა მაგას უკვე მნიშვნელობა არ აქვს. თუმცა სააპელაციო სასამართლოს ველოდებით, ვნახოთ რა იქნება" - ამბობს მელიქ რაისიანი.

კარლოს რაისიანი 10 დღიანი პატიმრობიდან 3 იანვარს გათავისუფლდა.
| Print |