სამართალი
ახალციხეში, ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა
ახალციხეში, ბუნებრივი აირით ხუთი ადამიანი მოიწამლა. შემთხვევა დღეს, 9 იანვარს რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ერთი ოჯახის ხუთივე წევრი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

საავადმყოფოს მენეჯერი რევაზ კუჭუხიძე ამბობს, რომ პაციენტებს გაეწიათ სამედიცინო მომსახურება, რის შემდეგაც მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკურნალობას ექვემდებარება.

,,ხუთივე მთგანმა ისადილა და მოგვიანებით ერთმა თავი შეუძლოდ იგრძნო, მოწამლულები საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების სამმა ბრიგადამ გადაიყვანა. თავს კარგად ოჯახის ყველაზე მცირეწლოვანი წევრი, ხუთი თვის ბავშვი გრძნობს, დანარჩენების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია" - განუცხადა მეცხრე არხს რევაზ კუჭუხიძემ.


,,ზოგი იწვა სავარძელში, ზოგი დივანზე, ზოგი იატაკზე. ყველა მათგანი იყო უგონოდ. გამოვიძახე დამხმარე ბრიგადები, მათ მოსვლამდე გავუწიეთ პირველადი დახმარება. ბავშვი იყო ცალკე ოთახში, დროულად მოარიდეს და გაიყვანეს მეზობლებმა, მათვე დარეკეს სასწრაფოშიც" - აცხადებს ექიმი მაია ქუტიაშვილი.

დაშავებულები მკურნალობას ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობენ და მათი  გადაყვანა თბილისში არ იგეგმება.
| Print |