სამართალი
სტასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთს დავა მოუგო
სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის მიერ 21 იანვარს გამოცხადებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფომ რუსეთის ფედერაციას მოუგო საქმე, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს უკავშირდება. ინფორმაციას იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანი ავრცელებს.

"სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ჩვენთვის ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ ზეპირ სხდომაზე გამოაცხადა! ასეთი დოკუმენტი საქართველოს აქამდე არასოდეს ჰქონია, რადგან ის სამართლებრივი დოკუმენტია და სამართლებრივად უპირისპირდება საქართველოს განუყოფელი ნაწილების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ ყოველგვარ აღიარებასა და თვითაღიარებას. ეს ის სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც საქართველოს სამართლებრივი და პოლიტიკური პოზიციების რეალური გაძლიერების საშუალებას მისცემს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის გზაზე" - წერს წულუკიანი. 

სასამართლომ ქართული მხარის სახელმწიფოთშორის საჩივარში ჩამოთვლილი ყველა ძირითადი მოთხოვნა დააკმაყოფილა. საქართველოს საჩივრის თანახმად, 2008 წლის აგვისტოში, საქართველოსთან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, რუსეთის ფედერაციამ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლები დაარღვია:

  • სიცოცხლის უფლება (მე-2 მუხლი);
  • წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა (მე-3 მუხლი);
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება (მე-5 მუხლი);
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება (მე-8 მუხლი);
  • ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უფლება (მე-13 მუხლი);
  • საკუთრების დაცვა (1 დამატებითი ოქმის 1 მუხლი);
  • განათლების უფლება (1 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი);
  • გადაადგილების თავისუფლება (მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი).
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ოფიციალური ვებსაიტის თანახმად, საჩივარი სასამართლომ 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და სასამართლოს მიერ ნაწილობრივ მისაღებად იქნა ცნობილი 2011 წლის 13 დეკემბერს. საქმეზე პირველი სხდომა 2011 წლის სექტემბერში გაიმართა; დიდ პალატას საქმე 2012 წლის 3 აპრილს გადაეცა; მოწმეებს სასამართლოში მოუსმინეს 2016 წლის 6-17 ივნისს; ხოლო ბოლო განხილვა 2018 წლის 23 მაისს შედგა.

დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცალკე უნდა განიხილოს. სახელმწიფოთშორის საჩივარზე გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, სასამართლო ამავე საკითხთან დაკავშირებით შესულ ინდივიდუალურ საჩივრებსაც განიხილავს.

სტრასბურგის სასამართლოში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ ერთხელ უკვე მოიგო საქმე, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებს უკავშირდება.

დეპორტირებულთა საქმის სახელმწიფოთაშორის საჩივარზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება 2014 წელს გამოაცხადა; ხოლო 2019 წლის იანვარში - რუსეთის ფედერაციას 10 მილიონი ევროს გადახდაც დაეკისრა.

| Print |