სამართალი
"კანონში არ წერია, რომ ზღურბლიდან არ უნდა გადმოაბიჯო" - ადვოკატი 2000 ლარიანი ჯარიმის გასაბათილებლად იბრძვის
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის მელიქ რაისიანის შვილის კარლოს რაისიანის ჯარიმის გასაბათილებლად, ადვოკატმა ავთანდილ თელიაშვილმა სარჩელის მომზადება დაიწყო. უფლებადამცველის თქმით,  თბილისის სააპელაციო სასამართლოში სარჩელს ორი დღეში შეიტანს.

ადვოკატის განმარტებით, კარლოს რაისიანს 2 000 ლარიანი ჯარიმა სამართალდამცველებმა რეგულაციების დარღვევის მიზეზით, უკანონოდ გამოუწერეს. მისივე თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "კომენდანტის საათის" დროს სახლის წინ, ეზოში იმყოფებოდა. კანონში კი არ წერია, რომ ღამის საათებში კარის ზღურბლთან ყოფნა კანონდარღვევაა. 

ჯარიმაში საპროცესო დარღვევებია. მეორე მხრივ ჯარიმა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაწერილი. კანონში არ წერია, რომ ზღურბლიდან არ უნდა გადმოაბიჯო. ამიტომ ეს ჯარიმა შეუსაბამოა და მის გასაჩივრებას ვაპირებთ“,- აცხადებს ავთანდილ თელიაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ კარლოს რაისიანი "კომენდატის საათის" დარღვევისთვის ახალქალაქში 23 დეკემბერს დააჯარიმეს და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააპატიმრეს. ბრალდებულის მამის მელიქ რაისიანის მტკიცებით, მის შვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა აღნიშნული თავად კარლოს რაისიანმა უარყო. მელიქ რაისიანის თქმით, მისი ვაჟის ცემის ფაქტის უარყოფას სამართალდამცველებმა ისევ ძალადობითა და მუქარით მიაღწიეს.

ფოტო გამოყენებულია შსს-ს გვერდიდან
| Print |