სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი წარადგინა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ გურიის და სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა. ვლადიმერ ბორცვაძემ ლევან ხარაბაძეს და გურამ ზესაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს პოლიციის პოლკოვნიკი გურამ ზესაშვილი უხელმძღვანელებს. ამ დრომდე გურამ ზესაშვილი მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის პოზიციაზემუშაობდა.

რაც შეეხება გურიის პოლიციის დეპარტამენტს, მას პოლიციის პოლკოვნიკი ლევან ხარაბაძე უხელმძღვანელებს. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ლევან ხარაბაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი იყო.

"პოლიციის დეპარტამენტებში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც პერიოდულად ხორციელდება. ოპერატიული საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვლილებების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდა, ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა" - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


შეგახსენებთ, რომ სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის პოსტი ლევან ხარაბაძემ ერთწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა. მისი გადადგომის შესახებ ინფორმაცია მედიაში 27 იანვარს გავრცელდა. რაც შეეხება გურამ ზესაშვილს, რეგიონის პოლიციის დეპარტამენდის დირექტორის თანამდებობაზე 28 იანვარს დაინიშნა.
| Print |